ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებული 1003 წელს, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე. ძეგლი წარმოადგენს ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც. მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და „სათაურებს“. უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს. შიგნით ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენტები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშვენებდა.
ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას 2000 წლიდან ბაგრატის ტაძრის 1000 წლის იუბილესთან (2003 წ.) დაკავშირებით, ახალი ტემპით გაგრძელდა კვლევითი და არქეოლოგიური სამუშაოები. მოხდა ავთენტური და XX საუკუნეში დამატებული ქვების დეტალური აღწერა და ინვენტარიზაცია. ამავე პერიოდში, განხორციელდა ტაძრის გეოლოგიური და კონსტრუქციული მდგრადობის კვლევა. კვლევის შედეგად გამოვლინდა რომ XX საუკუნეში რეკონსტრუირებული მასალა ძალიან მყიფე იყო და ვერ უზრუნველყოფდა ავთენტური ელემენტების მდგრადობას.
ტაძარზე კვლევები 2005 წელს ისევ განახლდა, დადგინდა სტატიგრაფია, აღმოჩნდა უნიკალური არქეოლოგიური არტეფაქტები და შენობის ინტერიერის დეტალები. გარდა განხორციელებული კომპლექსური კვლევებისა, საინჟინრო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ტაძრის კონსერვაციის მდგრადობა უაღრესად რთული იყო: არათანაბარი საძირკვლები, ზოგ შემთხვევაში საძირკველი საერთოდ არ ჰქონდა კედლებს, არ იყო ბმა გარე და შიდა კედლებს შორის, გამოქარული იყო კედლების დიდი ნაწილი. შეინიშნებოდა ძლიერი ბზარები, კედლებს შორის ბმის შესუსტება და სამხრეთი კედლის 30-40 სმ-ით გადახრა. მთელი ტაძრის სხეულში ცემენტის ხსნარშიც და ძველ კირის გულშიც დიდი რაოდენობის და მოცულობის ფუღროები აღმოჩნდა. გამოვლინდა საერთო სეისმიკის ძალზე სუსტი მაჩვენებელი. გაიხსნა ტაძრის გადახურვა, რის შედეგადაც სახურავის ნაწილებში გამოვლინდა XX საუკუნეში დამატებული სამშენებლო ნაგვის მასა. ძეგლის მდგომარეობის სტაბილიზაციისათვის და სეისმომდგრადობის გასაძლიერებლად გადაწყდა, XX საუკუნეში აშენებული ნაწილების მარკირება, დაშლა და მათი ხელახლა აშენება, იმისათვის, რომ დაცული დდდდდა ერთიანად სტაბილიზებულიყო მთელი შენობა და მასში არსებული XI საუკუნის ავთენტური მონაკვეთები.
ახალმა კვლევებმა, სრულყოფილმა არქეოლოგიურმა გათხრებმა და მახლობელად მდებარე XIX საუკუნის შენობების დემონტაჟმა გამოავლინა მრავალი ახალი ქვა, რომლის დეტალურ სამეცნიერო შესწავლაზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდა მათი თავდაპირველი ადგილის დადგენა შენობის სტრუქტურაში და შესაბამისად, შენობის ელემენტების შესახებ სანდო ინფორმაციის მოპოვება. ამგვარად, აღმოჩენილი გუმბათის ქვების შესწავლის შედეგად მოხდა გუმბათის ავთენტური ფრომის დაზუსტება. კერძოდ დადგინდა კედლის სისქე, სარკმლებს შორის მანძილი და მათი რაოდენობა, გამოიკვეთა წახნაგების რაოდენობა, წირთხლთა დახრის დონე. გუმბათის აბსოლუტური სიმაღლე კი აღებულ იქნა მისი თანადროული პარალელების მეტროლოგიური ანალიზით. ახალმა აღმოჩენებმა განაპირობა პატრონიკეს ძირითადი მოხაზლობის დადგენა. კვლევა-არგუმენტირების ამ ეტაპმა შესაძლებელი გახადა გადაწყვეტილების მიღება ძეგლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. გადაწყდა 60-იან 80-იან წლების გზის გაგრძელება. ერთგვარი ანასტილოზით ტაძრის დადგენა, ძველის აღდგენით და ახლის თავსებადი ჩანართების შერწყმით. ასე გამოიყურება ბაგრატის ტაძარი რესტავრაციის შემდეგ


No comments:
Post a Comment